უცნაური ტრადიცია ინგლისში – ცოლების გაყიდვა აუქციონზე
ბნელ შუასაუკუნეებში ქალი მთლიანად და უსიტყვოდ ემორჩილებოდა მამაკაცს, იგი სრულიად უუფლებო იყო და თავის დაცვა არ შეეძლო. ინგლისში კი ეს სიტუაცია სრულ აბსურდამდე იყო მიყვანილი: ქორწინების შემდეგ ქალი კანონის წინაშე ფიზიკურ პირად აღარ მიიჩნეოდა და ქმრის სრულ საკუთრებაში გადადიოდა. ეს მდგომარეობა ინგლისურ სამართალში ცნობილია, როგორც კოვერტიურა (გათხოვილი ქალის სტატუსი). ცოლების გაყიდვის ტრადიციას ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი და XVIII საუკუნეში უკვე ფართოდაც გავრცელდა.
1753 წელს ინგლისელი მოსამართლე უილიამ ბლექსთონი წერს: „ქორწინების დროს ქალის სამართლებრივი ყოფა შეჩერებულია ან გაერთიანებულია მეუღლესთან, ვისი კალთის ქვეშ და მფარველობაში ასრულებს იგი ყველა მოვალეობას“. გათხოვილ ქალს საკუთრების უფლება არ ქონდა და პრინციპში, თავადაც ქმრის საკუთრება იყო. ზუსტად არ არის ცნობილი, საიდან იწყება ცოლების საჯარო ვაჭრობაზე გაყიდვის რიტუალური ჩვეულება, თუმცა სავარაუდოდ ეს XVII საუკუნის ბოლოს მოხდა. 1692 წლის ნოემბერში „ჯონმა, ნათან ვაითჰაუსის შვილმა, თიფთონში, თავისი ცოლი ბატონ ბრასერჰერდლუს მიყიდა“, თუმცა გარიგების მეთოდი აღწერილი არ არის. მტკიცებულებების უმრავლესობაში მითითებულია, რომ გაყიდვის შესახებ ადრევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, შესაძლოა ადგილობრივ გაზეთში გამოცხადების გზითაც.
გაყიდვის პროცედურა დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც მსხვილი რქოსანი პირუტყვის. მაგალითად, სთაფორდშირში ქმრები ბაზარში ვაჭრობის უფლებისთვის მოსაკრებელს იხდიდნენ და ქალი კისერზე, ხელებზე ან წელზე შემოხვეული თოკით ბაზარში მიყავდათ. მას გამოსაჩენ ადგილზე აყენებდნენ და აუქციონის წესით ყიდდნენ – აღწერდნენ ყველა მის ღირსებას და ვინც ყველაზე მეტს გადაიხდიდა, ქალიც მას ერგებოდა. ვაჭრობის დასრულების შემდეგ ქალი ახალი პატრონის, ანუ ახალი ქმრის სახლში მიდიოდა. ცოლების გაყიდვის პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული XVIII და XIX საუკუნეებში, რადგან მამაკაცებისთვის ეს წარუმატებელი ქორწინებისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება იყო. თუმცა ყოფილი ქმრისთვის გადახდილი თანხა ხშირად სიმბოლური იყო, რადგან ასეთი გარიგებები ფინანსური გამორჩენისთვის იშვიათად იდებოდა. ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ქმარი და მყიდველი გარიგებას უბრალო ხელის ჩამორთმევით ადასტურებდნენ, თანაც წინასწარ ხელისგულზე დაიფურთხებდნენ და გარიგების თანხას, როგორც წესი, 5–დან 10 შილინგამდე ხმამაღლა დაიყვირებდნენ. ამის შემდეგ გარიგების მონაწილეები ტავერნაში ან ლუდხანაში მიდიოდნენ, სადაც ყოფილი ქმარი ყველასთვის სასმელს ყიდულობდა. ცოლი ყოფილ ქმარს ქორწინების ბეჭედს უბრუნებდა და გარიგების მომენტიდან ყოფილი ქმრის ფინანსური ვალდებულებები ცოლის მიმართ მოქმედებას წყვეტდა.
განქორწინება იმ პერიოდის ინგლისში სალაპარაკოდაც არ ღირდა, ეს სრულიად გაუგონარი საქმე იყო, განსაკუთრებით მოსახლეობის ნაკლებად შეძლებულ ფენაში. ეს არისტოკრატებისთვისაც კი საძნელო საქმე იყო. 1690 წელს ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც ქორწინებაში მყოფ წყვილს განქორწინების მოთხოვნა, არც მეტი, არც ნაკლები – პარლამენტში უნდა შეეტანა. ბუნებრივია, ეს პროცედურა საკმაო ფულსა და დროს მოითხოვდა. თუმცა გამომგონებლობის ნიჭით დაჯილდოებულმა, მოხერხებულმა ინგლისელებმა ქორწინების შეწყვეტის თავისებური მეთოდი მოიფიქრეს – ცოლის გაყიდვის მეშვეობით.
1780–1850 წლების შუალედში, როცა ეს ტრადიცია ყველაზე პოპულარული იყო, ამ მეთოდით დაახლოებით 300 ქორწინება შეწყდა.
ცოლის გაყიდვის ტრადიცია ინგლისის კანონმდებლობაში არ დამკვიდრებულა, ამიტომაც კანონი დევნიდა ამ პრაქტიკას, განსაკუთრებით XIX საუკუნის მეორე ნახევარში, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დევნა მაინცდამაინც დიდი სისასტიკით არ ხდებოდა. უფრო მეტიც, თუ ორივე მხარის თანხმობა იყო, ხელისუფლება თვალს ხუჭავდა. თუმცა XIX საუკუნეში გასაყიდად გამოყვანილი ცოლების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევებიც არის დაფიქსირებული.
ცოლების გაყიდვის ტრადიციას სამართლებრივი საფუძველი არ ქონდა და ხშირად სასამართლო განხილვის საგანიც ხდებოდა, განსაკუთრებით XIX საუკუნის შუა წლებიდან. თუმცა ხელისუფლების დამოკიდებულება ამ ფაქტისადმი არაერთმნიშვნელოვანი იყო. წერილობით არის დაფიქსირებული XIX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ერთ–ერთი მოსამართლის სიტყვები, სადაც იგი ამტკიცებს, რომ ცოლის გაყიდვის აკრძალვის უფლებას თავს ვერ მისცემს.
ცნობილია შემთხვევებიც, როდესაც სამუშაო სახლის (WorkHouse) რწმუნებულები მამაკაცებს აიძულებდნენ სახლის ტერიტორიაზე ცოლის შენახვაზე უარი ეთქვათ და იგი გაეყიდათ.
ეს გარიგებები უმეტესად ორმხრივი თანხმობის საფუძველზე ხდებოდა – მეუღლეს ძალით ცოლის ბაზარში მითრევა და ვაჭრობის დაწყება არ შეეძლო. ეს უბრალოდ ორი უბედური პარტნიორისთვის ქორწინების შეწყვეტისა და ახალი ცხოვრების დაწყების მშვიდობიანი გზა იყო. უფრო მეტიც, ცოლის გაყიდვა საზოგადოებრივ ადგილას ხდებოდა, ყველას თვალწინ. ხშირად ქალმა წინასწარვე იცოდა, ვინ გადაიხდიდა მეტ თანხას, რადგან პოტენციური მყიდველი დიდი ხანია მისი საყვარელი იყო.
ზოგიერთ შემთხვევაში კი ცოლი თავად ითხოვდა გაეყიდათ, წინასწარ სხვა მამაკაცთან (აუცილებელი არ იყო, ეს საყვარელი ყოფილიყო) მოლაპარაკებას აწარმოებდა და მის გამოსასყიდად ფულსაც უხდიდა.
ცოლებს გაყიდვის ბარბაროსული ტრადიცია ინგლისის ზოგიერთ რეგიონში XX საუკუნის დასაწყისამდე შენარჩუნდა. 1913 წელს ქალბატონმა ლიდსამ (დიდი ბრიტანეთი) პოლიციაში უჩივლა ქმარს, რომელმაც იგი კოლეგას 1 ფუნტად მიყიდა. ესაა ინგლისში ცოლის გაყიდვის ყველაზე ბოლოს დაფიქსირებული შემთხვევა.
დღეს დიდ ბრიტანეთში განქორწინება სახლიდან გაუსვლელადაც კი შეიძლება, საკმარისია მრავალთაგან ერთ–ერთ ისეთ საიტს მიმართონ, რომელიც მოქალაქეებს განქორწინების მომსახურებას სთავაზობს.